search
menu
person

ხშირად, მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ ასოს თავი სტკივათ. ამას ერთვის მისი სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი. ეს სიმპტომები (ჩივილები) უყურადღებოდ არ დატოვოთ და არ იფიქროთ, რომ ჰიგიენის გაძლიერებით პრობლემა მოგვარდება! რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. მამაკაცის სასქესო ორგანოზე ასეთი უხერხულობის გაჩენა შეიძლება სულ უბრალო და ადვილად მოსაგვარებელმა მიზეზმა - ჰიგიენის ნაკლებობამაც გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზულმა, აუცილებლად და დროულად სამკურნალო, მაგალითად, ვენერიულმა თუ სხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმაც.


მამაკაცის სასქესო ორგანოს თავის (ასოს თავის) ანთებით დაავადებას ექიმები ბალანიტს უწოდებენ. მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება. ასეთ შემთხვევაში დაავადება ბალანოპოსთიტად იწოდება. 

ანატომიური თავისებურების გამო ბალანიტი და ბალანოპოსთიტი გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში, შესაძლოა დაავადდეს როგორც ზრდასრული მამაკაცი, ისე ბავშვი.

ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს მამაკაცს აწუხებს არა მარტო ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოში, შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს მისი ინტიმური ცხოვრების ხარისხიც. დაავადების დიაგნოსტირების დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სიფილისი და გონორეა. 

რა იწვევს ბალანოპოსთიტს?
გამომწვევ მიზეზთა მიხედვით, ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის რამდენიმე ფორმა არსებობს: ინფექციური ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექცია: სოკო, ბაქტერია, ვირუსი; ასოს თავის ანთება შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციამ (სგგი) (გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდია და სხვა). ასეთ შემთხვევაში ბალანოპოსთიტის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მისი გამომწვევი ინფექციის სახეობაზე. 

 

  • კანდიდოზური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ბალანიტის ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი გამომწვევია კანდიდას ტიპის სოკო და ვითარდება ამ სოკოვანი ინფექციით ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კავშირის შემდგომ. დაავადების გამოვლინების ხარისხი დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე (მაგ. დიაბეტზე). კანდიდოზურ ბალანიტს ახასიათებს ასოს თავზე თეთრი ნადების წარმოქმნა, ქავილი, პუსტულური (ბუშტუკოვანი) გამონაყარი. შესაძლებელია ასოს თავზე ნაპრალების გაჩენა. შეიძლება ფიბროზი და სკლეროზიც განვითარდეს;
  • ჰერპესულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ორგანოს ქრონიკული ჰერპესინფექციის არსებობა;
  • ირიტაციულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს არასათანადო ჰიგიენა (ან ჰიგიენაა დარღვეული, ან სასქესო ასოდან საპონი კარგად არ ჩამოიბანება, ან კარგად არ მშრალდება), შეიძლება მჭიდრო ტანსაცმელიც მუდმივად აღიზიანებდეს ასოს თავს;
  • ტრავმული (ფრიქციული ტრავმები, შემთხვევითი ჭრილობები, ეროზიები, პოსტკოიტალური ეროზიები) ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ვითარდება ასოს თავის ტრავმული დაზიანების გამო. ტრავმირებულ კანში ადვილად აღწევენ ბაქტერიები და ვირუსები. ასოს თავზე ტრავმით გამოწვეული ნახეთქები წითლდება, ვითარდება ანთებითი პროცესი და ტკივილის შეგრძნება;
  • ალერგიულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ასოს ალერგიული რეაქცია ჰიგიენურ ან სხვა საშუალებებზე;
  • პრემალიგნანტური, მალიგნანტური და იდიოპათიური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი.


ბალანიტი და ან ბალანოპოსთიტი შეიძლება განპირობებული იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადებით: 
 

  • კეირის ერითროპლაზია - სასქესო ასოს საფარველის კიბოსწინარე დაზიანებაა. იგი გვხვდება საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ მამაკაცებში. მიზეზი უცნობია;
  • ექსტრემალური პეჯეტის დაავადება - სიმსივნური დაავადება;
  • ზუნის ბალანიტი - ამ დაავადების მიზეზი უცნობია, სარაუდოდ, კეირის ერითროპლაზიის ნაირსახეობაა და კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. მეტწილად ავადდებიან საშუალო ასაკისა და ხანდაზმული მამაკაცები.


ბალანიტისა და/ან ბალანოპოსთიტის პროვოცირება შეუძლია:
 

  • სხვადასხვა ინფექციას (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა);
  • ქრონიკულ დაავადებებს (დიაბეტი, ფსორიაზი, ანემია, სებორეული დიათეზი);
  • გრძელ ან მოკლე ლაგამს;
  • ფიმოზს - ჩუჩის შევიწროებას.


რას უჩივის მამაკაცი ბალანიტის დროს?
ნებისმიერი სახის ბალანიტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ასოს თავის სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი. თუ ასოს თავის ანთება (ბალანიტი) არ განიკურნება ადრეულ სტადიაზე, მაშინ ანთებითი პროცესი გადავა ჩუჩის შიდა ფურცელზე (ბალანოპოსთიტი), რაც შეიძლება პროგრესირდეს და გართულდეს.

ბალანოპოსთიტის განვითარების სამი სტადია არსებობს:

1. მარტივ ბალანოპოსთიტს ახასიათებს სასქესო ასოს თავის და ჩუჩის სიწითლე, შეშუპება და ჩირქოვანი გამონადენი. დაავადებული უჩივის წვისა და ქავილის შეგრძნებას.
2. ეროზიული ბალანოპოსთიტისთვის დამახასიათებელია სასქესო ორგანოს თავზე ერთეული იზოლირებული ან ერთმანეთში შერწყმული ეროზიების გაჩენა, რქოვანა ეპიდერმისის დიფუზური აქერცვლა და ჭარბი გამონადენი. დაავადება მომდევნო ეტაპზე შეიძლება გართულდეს რეგიონული ლიმფანგიტით და საზარდულის მწვავე ლიმფადენიტით.
3. განგრენული ბალანოპოსთიტი - დაავადების ეს სტადია, როგორც წესი, მიმდინარეობს ცხელებით (ტემპერატურის მატება) და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით. სასქესო ასო იფარება მტკივნეული ჩირქოვან-ნეკროზული წყლულებით, ამასთან, ასოს თავი და ჩუჩა მკვეთრად წითელია და ძლიერაა შეშუპებული, ჭარბ ჩირქოვან გამონადენს აქვს ძალიან ცუდი სუნი. წყლულების შეხორცება ნელა ხდება და მათ ადგილზე ჩნდება ნაწიბურები.

რით შეიძლება გართულდეს ბალანიტი?
თუ ბალანიტის დროს არ ჩატარდება მკურნალობა, მაშინ შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს:

ნ ლიმფანგიტი (სასქესო ორგანოს ლიმფური ძარღვების ანთება);
ნ საზარდულის ლიმფადენიტი (საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება);
ნ სასქესო ორგანოს განგრენა.

როგორ დგინდება ეს პათოლოგია?
დაავადების დიაგნოსტიკა გამომწვევის გამოვლენას გულისხმობს. ამისთვის ატარებენ ლაბორატორიულ კვლევას (ნაცხის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს), რომელიც დაავადების მიზეზისა და ფორმის დადგენის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე შეირჩევა მკურნალობა.

რას გულისხმობს ბალანიტის მკურნალობა?
ბალანიტის და ბალანოპოსთიტის მკურნალობა პროფესიონალურ და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ადრეულ, გაურთულებელ სტადიაში დაავადების მკურნალობა ძნელი არ არის, თუმცა აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და ჰიგიენური პროცედურების რეგულარული ჩატარება საპონხსნარით, ფურაცილინის ხსნარით, წყალბადის ზეჟანგით ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. 

შედარებით შორს წასულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგადი ან ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკებით ანტიმიკოზური (თუ სოკოვანი წარმოშობისაა) მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა. 

ოპერაციულ პროცედურებს მიმართავენ ბალანოპოსთიტის ქრონიკული ფორმის დროს და ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ორ ეტაპად ახორციელებენ. თავდაპირველად ხდება ჩუჩის ჩაჭრა, შემდეგ კი, დაავადების მწვავე სიმპტომების ჩაცხრობისთანავე - ჩუჩის მოკვეთა.

ბალანოპოსთიტის მკურნალობის შემდეგ, ანთების ხელახალი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ავადმყოფმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, ზედმიწევნით დაიცვას პირადი ჰიგიენა (განსაკუთრებით - ინფექციური დაავადებების შემთხვევაში) და პერიოდულად გაესინჯოს ექიმს.

ზოგადი რჩევები
მკურნალობის დასაჩქარებლად ექიმის დანიშნულ მკურნალობასთან ერთად შეგიძლიათ ხალხურ მედიცინასაც მიმართოთ, მაგრამ ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენება უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ასე თავიდან აიცილებთ მდგომარეობის დამძიმებას.

ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ხალხური საშუალებები:

 

  • სასქესო ასოს თავი და ჩუჩა დაიბანეთ კამის ფესვების ნახარშით. ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა წვრილად დაჭრათ 50 გ კამის ფესვები, დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშოთ 10-15 წუთი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და გამოიყენეთ დასაბანად;
  • სასქესო ორგანოზე სალბის ფოთლების ნახარშის საფენები და აბაზანა ამცირებს ქავილის შეგრძნებას და აცხრობს ანთებას. ნახარშის მოსამზადებლად - 2 სუფრის კოვზ გამომშრალ და დაქუცმაცებულ სალბის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადურეთ 10 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 30-40 წუთი, გაფილტრეთ და ამის შემდეგ გამოიყენეთ.
  • წყლულის გაჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია ალოეს ახალგამოწურული წვენის წასმა. ალოეს წვენს აქვს მიკრობსაწინააღმდეგო, ჭრილობისა და წყლულის შეხორცების დამაჩქარებელი თვისებები.
  • ბალანიტის ნებისმიერი ფორმის დროს შეგიძლიათ ასოს თავსა და ჩუჩაზე წაისვათ ქაცვის ან ასკილის ზეთი. მათ აქვს ჭრილობის შემახორცებელი და ანთების ჩამცხრობი თვისებები.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 76 | | ტეგები: მამაკაცის უხერხული პრობლემები, mamakacis uxerxuli problemebi | რეიტინგი: 0.0/0
avatar